Inside Job (2010) Margin Call (2011)

jFEaWcC4XI4P1M9aZaOiOEKi9JCMargin-Call-Main-Review

                                     IMDB – 8.2                                         IMDB – 7.1

პირველი დოკუმენტური ფილმია, მეორე კი მხატვრული. მაგრამ ისე მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ერთ მათგანზე რეცენზიის დაწერა უკვე ავტომატურად გულისხმობს მეორეს განხილვასაც. პირველი ფაქტებზეა აგებული, ხოლო მეორე მხატვრული ფორმით გადმოსცემს 5 წლის წინ მომხდარი მოვლენების მიმდინარეობას.

რეცენზიის დაწერა დოკუმენტურ ფილმზე გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე მხატვრულ ფილმზე. ალბათ, იმიტომ, რომ დოკუმენტურ ფილმში პროფესიონალების (მსახიობების) ნაცვლად, რიგითი ადამიანები, პოლიტიკოსები (თუმცა მათზე ვერ იტყვი, რომ ისინი ცუდი მსახიობები არიან, მაგრამ როგორც წესი, მათ კარგად ეტყობათ როდესაც ცრუობენ და როდესაც სიმართლეს ამბობენ (იშვიათ შემთხვევებში)), მწერლები, მასწავლებლები და ა.შ. მონაწილეობენ. ასე რომ, ასეთი ფილმები სამსახიობო და მხატვრული თვალსაზრისით არ ისაზღვრება, მთავარი აქ სხვა რამეა – რა თემას ეხება იგი და რამდენად მოახერხა რეჟისორმა იმ თემის ჩვენება, რაზეც ეს ფილმი შეიქმნა.

 

თუმცა, Inside Job–ში, სხვა დოკუმენტური ფილმებისგან განსხვავებით, არის ლამაზი მხატვრული კადრები, მთხრობელად გვევლინება მეტ დეიმონი (Matt Damon), რომლის ხმაც საკმაოდ ნაცნობი და სასიამოვნოა, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ამა თუ იმ რესპოდენტთან ინტერვიუს თუ მონათხრობს.

ფილმი იწყება ისლანდიის მაგალითით, თუ როგორ იქცა ერთ დროს ნებისმიერი ადამიანისათვის საცხოვრებლად იდეალური ქვეყანა მრავალწლიან ვალებად ქცეულ ადგილად. მოგვიანებით, კი ფილმის რეჟისორი გვაჩვენებს, უოლლ სტრიტის აფიორას, რასაც მსოფლიოს კრიზისი მოჰყვა, როგორ მოახერხა რამოდენიმე ათეულმა ადამიანმა მასშტაბური ფინანსური მაქინაციის განხორცილება, რასაც მსოფლიო ფინანსური კრიზისი მოჰყვა და როგორ დარჩა ათეულობით მილიონი ადამიანი არა მარტო უმუშევრად, არამედ საცხოვრებელი ადგილის გარეშეც კი. ეს კი შედეგია იმისა, რომ უოლლ სტრიტის ფინანსური ოფისების და ბანკების დირექტორები, მმართველები, მათი მოადგილეები, ფინანსური მრჩეველები, ამავე ბანკების თანამშრომლები, აგრეთვე ფედერალური სარეზერვო ბანკის დირექტორი, წარმოუდგენელ თანხებს იღებდნენ ხელფასის სახით. აგრეთვე სარგებლობდნენ წარმოუდგენელი შეღავათებით, მაგ: ერთ ფინანსურ კომპანიას საკუთრებაში გააჩნდა თვითმფრინავების მთელი პარკი, მისი დირექტორის წლიური შემოსავალი კი მილიარდს შეადგენდა. ფილმი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ბანკი მხოლოდ პირად შემოსავალზე მუშაობს და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ერთი ცენტის დაკარგვასაც კი. როდესაც თქვენ საკუთარ ფულად სახსრებს ანდობთ ბანკს, ჩათვალეთ რომ ის უკვე თქვენი აღარ არის. “ბოლოს და ბოლოს რიგითი ადამიანი იხდის ყველაზე მეტს” – დომინიკ სტროსს-კანი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი.

ფილმში მოწვეულ არა მარტო ბევრი ანალიტიკოს-ეკონომისტს, ეკონომისტს, არამედ რამოდენიმე ქვეყნის მინისტრს, ბანკების დირექტორებს, რომლებიც მეტ დეიმონის პირდაპირ და “უხერხულ” კითხვებზე ცდილობენ მისაღები პასუხის გაცემას, მთხრობელი უცერემონიოდ აწყვეტინებს და ამხელს სიცრუეში. საკმარისია, მხოლოდ შეხედო მათ გამომეტყველებას და თვალებს, რომ დარწმუნდე მათ თვალთმაქცობაში, რომ მათ არ სჯერათ იმის, რაზეც ასე დამაჯერებლად ლაპარაკობენ. ამავე დროს, მთხრობელი სრულიად ობიექტურად მიმართავს ყველა რესპოდენტს, თუმცა ამათგან ზოგიერთ მათგანს არაფერი აქვს დასამალი და გულწრფელად პასუხობს დეიმონის კითხვებს, ზოგიერთი მათგანი კი დაკვირვებულია და ფიქრობს წინასწარ და დაგვიანებით აძლევს პასუხებს, იმის შიშით რომ ისეთი რამ არ წამოცდეს რასაც დანაშაულის აღიარება მოჰყვება შედეგად.

ნიუ იორკის პროფესორი ეკონომიკის დარგში, ნურიელ რუბინი, მეტ დეომონის კითხვაზე: “როგორ ფიქრობთ, რატომ არ იქნა უფრო სიღრმისეული და სისტემური გამოძიება ჩატარებული აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით?”, ასე პასუხობს: “იმიტომ რომ, მაშინ დადგენილი იქნებოდნენ დამნაშავეები”.

ფილმში აქცენტირებულია ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც უცნობი იყო ფართო მასებისათვის, და რომელიც წინ უძღვოდა წლების მანძილზე ამ “საპნის ბუშტის” წარმოქმნას. “რა მიზეზით უხდიან ფინანსურ ინჯინერს ასჯერ მეტს, ვიდრე ნამდვილ ინჟინერს? ნამდვილი ინჟინერი – აშენებს ხიდებს. ფინანსური ინჟინერი კი – ოცნებებს. და როდესაც ეს ოცნებები კოშმარებად იქცევა, რიგითი ადამიანები კარგავენ ყველაფერს” – ენდრიუ შენგი, ჩინეთის საბანკო საქმიანობის კომისიის მთავარი მრჩეველი.

ალბათ, ყველაზე მეტად საინტერესო ის, არის, რომ 2008 წლის უოლლ სტრიტის ფინანსურ ორგანიზაციებში მაღალ თანამდებობებზე მოქმედი პირები, ვინც პასუხისმგებელია 5 წლის წინანდელი მსოფლიო ფინანსური კრიზისის, დღესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის და სხვა ფინანსური მმართველობის კონტროლის ქვეშ დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში კვლავ მაღალ თანამდებობეზე ან სულაც პრეზიდენტის მრჩევლად გვევლინებიან. ფილმი მთავრდება შემდეგი ფრაზით: “ადამიანები და ორგანიზაციები, რომელთაც გამოიწვიეს 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისი, კვლავ რჩებიან ეკონომიკური სფეროების მმართველობის სათავეებში და ეს აუცილებელია, რომ შეიცვალოს. ისინი აუცილებლად გვეტყვიან ჩვენ, რომ მათი მუშაობის სფერო რთულად გასაგებია ჩვენთვის, რიგითი ადამიანებისათვის, ისინი იტყვიან რომ მსგავსი რამ არასოდეს განმეორდება, ისინი დახარჯავენ მილიარდებს, რეფორმების წინააღმდეგ. ყველაფერი ამის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ არსებობს ისეთი პრინციპული საკითხები, რის გამოც ღირს ბრძოლა.”

და ბოლოს, ვფიქრობ, რომ ფილმი საინტერესოა თითოეული ადამიანისათვის, რომელსაც აინტერესებს რა ხდება არა მარტო მის ირგვლივ და გააჩნია ვიწრო ხედვა, არამედ დაინტერესებულია მსოფლიოში, გლობალურად არსებული პრობლემებით, რომელიც თითოეულ ჩვენგანს შეეხო და დღემდე გრძელდება 5 წლის წინ მომხდარი კრიზისის გამოსწორებისთვის მუშაობა. ფილმის გაგება ხელს უწყობს ადამიანს დაინახოს დღევანდელი სასტიკი მსოფლიოს კანონები.

პ.ს. ფილმის ყურებისას გამახსენდა 90-იან წლების რუსეთში მომდინარე მსგავსი აფიორები, რომელთაგან ყველაზე მასშტაბური იყო მავროდის პირამიდა, რომლის საფუძველზე გადაღებულია ფილმი PiraMMMida (2011). თუმცა, მასშტაბებით რა თქმა უნდა, ჩამოუვარდებოდა უოლლ სტრიტის “საპნის ბუშტის” აფიორას.

 

http://bit.ly/1aDXjJ0

 

 

Margin Call (2011)

ჯეი სი ჩენდორმა (J.C. Chandor) შეძლო მხატვრულ ნამუშევარში ეჩვენებინა საკმაოდ კარგად გათვლილი და ყოველგვარი გაფორმების გარეშე, 5 წლის წინანდელი მოვლენები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა 2 დღის მანძილზე. ფილმი გადაღებულია რეალური მოვლენების მიხედვით რომლებსაც ადგილი ჰქონდათ 2008 წლის სექტემბერში, Lehman Brothers-ს საინვესტიციო ბანკში.

რაც შეეხება სიუჟეტს და მოვლენებს, ზემოთ ნათქვამი ყველაფერი ეხება ამ ფილმსაც, ხოლო სამსახიობო გუნდი კი, არაჩვეულებრივი სიზუსტით არის შერჩეული: კევინ სპეისი (Kevin Spacey) – თავიდანვე დადებით ემოციებს იწვევს მაყურებელში – ძალიან იშვიათია ადამიანი, მით უმეტეს უფროსი, რომელიც განიცდის თანამშრომლების მდგომარეობას; ჯერემი აირონსი (Jeremy Irons) – ერთი შეხედვით გაიძვერა, მაგრამ ამავე დროს, ფილმის მსვლელობისას და თანამშრომლებთან ურთიერთობისას ვხედავთ ცხოვრებისგან დაღლილ, გამოცდილებამიღებულ ადამიანს, რომელსაც არანაირ ბედნიერებას არ ანიჭებს მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები, მაგრამ თავის გადარჩენისათვის ბრძოლაში იძულებულია გააკეთოს ის, რასაც მდგომარეობა მოითხოვს მისგან, შედეგად კი კარგავს საქმიანი რეპუტაციის სახელს; საიმონ ბეიკერი (Simon Baker) – საკუთარი თავის ფასის მცოდნე და მაღალჩინოსნის შვილი (ვისი, მართალია არ ჩანს ფილმში); პოლ ბეთანი (Paul Bettany) – თითქოს საკმაოდ მოხერხებული და გაიძვერა ტიპი, მაგრამ ამავე დროს, გამოცდილი, პირდაპირი და თანამშრომლების მიმართ უშუალო; სტენლი ტუჩი (Stanley Tucci), – მდგომარეობის მსხვერპლი, რომელიც რიგი გარემოებების გამო აღმოჩნდა გამოუვალ მდგომარეობაში, საკუთარი სურვილის წინააღმდეგ; დემი მური (Demi Moore) – ამავე ორგანიზაციის მაღალ თანამდებობაზე მყოფი, რომელიც ყველაზე ადრე იყო ინფორმირებული არსებული პრობლემის თაობაზე და ფაქტიურად უწევს კიდეც სამსახურის და ყოველგვარი პრივილეგიების დაკარგვა. ერთად ყველას ქარიზმა კი ქმნის არაჩვეულებრივ ემოციურ ფონს, რომელიც მაყურებელს გულგრილს არ ტოვებს.

დოკუმენტურ ფილმში სოროსის სიტყვებს: ”ჩვენ უნდა ვიცეკვოთ სანამ უკრავს მუსიკა, რეალურად კი, იმ დროისთვის მუსიკა უკვე დასრულდა” სიტყვებს, რომელიც სითი ბანკიდან ჩაკ პრინს-ს ეკუთვნის, ზუსტად იმეორებს მხატვრულ ფილმში ჯერემი აირონსის პერსონაჟი.

ორივე, დოკუმენტური და მხატვრული ფილმი კი საოცრად ავსებს ერთმანეთს და მაყურებელს აძლევს საშუალებას მთლიანი მასშტაბებით დაინახოს რამოდენიმე წლის წინ მომხდარი მოვლენები და გააანალიზოს იგი.

 

http://bit.ly/18qw6ez

This entry was posted in რეცენზიები. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s